სარეაბილიტაციო სამუშაოები და ბიზნესი: როდის ეკისრება მუნიციპალიტეტს ზიანის ანაზღაურება?
ქალაქის ქუჩების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს, თუმცა ასეთ სამუშაოებს ზოგჯერ კერძო პირებისა და ბიზნესის საქმიანობის შეზღუდვა ახლავს. ჩაკეტილი გზები, გადაადგილების გართულება და მომხმარებელთა ნაკადის შემცირება შესაძლოა ბიზნესისთვის ფინანსური ზიანის მიზეზი გახდეს. ასეთ დროს ჩნდება კითხვა: ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და აქვს თუ არა დაზარალებულ პირს ან პირთა ჯგუფს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება?
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი უზრუნველყოფს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლოს წესით ანაზღაურების უფლებას. ამასთან, ზიანის ანაზღაურების საკითხი მხოლოდ უკანონო მოქმედებებით არ შემოიფარგლება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე, 208-ე და 209-ე მუხლები განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლებს. კერძოდ, 209-ე მუხლის თანახმად, თუ საზოგადოებრივი აუცილებლობისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოცემული კანონიერი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის შედეგად, თანასწორობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, არსებითი ზიანი მხოლოდ კონკრეტულ კერძო პირს ან პირთა ჯგუფს ადგება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ვალდებულია, აანაზღაუროს ამ აქტით მიყენებული ზიანი.
თუმცა რეაბილიტაციის შედეგად ბიზნესისთვის შექმნილი ნებისმიერი სირთულე ავტომატურად არ წარმოშობს კომპენსაციის მიღების უფლებას. მნიშვნელოვანია, დადგინდეს ზიანის არსებობა და მოცულობა, მისი კავშირი სარეაბილიტაციო სამუშაოებთან და ის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობას განაპირობებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რა გავლენა მოახდინა სამუშაოებმა კონკრეტული ბიზნესის საქმიანობაზე და რა ფინანსური დანაკარგი გამოიწვია საქმიანობის შეზღუდვამ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1121(კ-21), რომელიც ქალაქ რუსთავში სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად საწარმოს საქმიანობის შეზღუდვასა და მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ეხებოდა. ეს საქმე საყურადღებოა იმით, რომ საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესში საწარმოს საქმიანობის შეზღუდვა და მისთვის მიყენებული ზიანი სასამართლოს შეფასების საგანი გახდა, რის შედეგადაც სასამართლომ მუნიციპალიტეტს ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ასეთი დავების გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია საჯარო ინტერესისა და კერძო პირისთვის მიყენებული ზიანის სათანადო შეფასება. საზოგადოებრივი საჭიროება თავისთავად არ გამორიცხავს კერძო პირის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს, საქმის კონკრეტული გარემოებების, ზიანის მოცულობისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით. შეფასებისას მნიშვნელოვანია როგორც რეალური ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრა, თუ მათი ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არსებობს.
შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხი ინდივიდუალურ შეფასებას მოითხოვს. ინფრასტრუქტურის განვითარება საზოგადოებრივი აუცილებლობაა, თუმცა ამ პროცესში კერძო პირისთვის მიყენებული ზიანის უგულებელყოფა დაუშვებელია. სამართლებრივი ბალანსის მიზანი სწორედ ისაა, რომ საჯარო ინტერესის განხორციელება კონკრეტული პირისთვის გაუმართლებელ და აუნაზღაურებელ ტვირთად არ იქცეს.
ადვოკატი: ნიკოლოზ მელაძე


