ICT სექტორზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის დაახლოებით მესამედი მოდის
IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) კვლევას აქვეყნებს, რის მიხედვითაც ICT (ინფორმაცია და კომუნიკაცია) სექტორი ბოლო წლებში მშპ-ს ზრდის ერთ-ერთ მთავარ კონტრიბუტორად იქცა.
კვლევის მიხედვით, 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ICT სექტორში რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა გაორმაგდა. სექტორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოების 99% მცირე ზომისაა, და ინდივიდუალურ მეწარმეებზე მოდის.
2025 წელს, ქვეყანაში IT სექტორში მხოლოდ 18 ახალი კომპანია დარეგისტრირდა, რაც მიუთითებს, რომ წინა წლებში სექტორის ზრდა უმეტესად მიგრაციული ეფექტით იყო განპირობებული.
ქვეყანაში მოქმედი IT კომპანიების 56% რუსულია. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც IT სექტორის წარმომადგენლობისთვის საქართველოს ბინადრობის მიღება მარტივდება, შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის გამარტივების საშუალებად იქცეს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში საქართველოს ტექნოლოგიურ სექტორში – IT და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, აშკარა დინამიკური ზრდა შეიმჩნევა. თუმცა, სექტორის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში რიცხვებით გამოხატული კონტრიბუცია, იმავე მასშტაბით ვერ ახდენს გავლენას ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. კერძოდ, უცხოური კომპანიების დომინაცია, დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაღალი წილი, არსებული საგადასახადო შეღავათები და ადგილობრივი რეალიზაციის დაბალი დონე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის შიგნით სექტორის მიერ შექმნილ დოვლათზე.





