5 რჩევა, რომელიც ბიზნესმა „ტესლასგან“ უნდა მიიღოს – როგორ გავყიდოთ ფასიანი რეკლამის გარეშე

5 რჩევა, რომელიც ბიზნესმა „ტესლასგან“ უნდა მიიღოს – როგორ გავყიდოთ ფასიანი რეკლამის გარეშე
„ტესლა“ ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ავტომობილების კომპანია – ეს არის ინოვაცია, რომელმაც ხელახლა შექმნა საავტომობილო ინდუსტრია და დააწესა ახალი სტანდარტები როგორც ბრენდინგში, ასევე მომხმარებელთა ჩართულობაში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ავტომობილების ინდუსტრიაში მოხვედრა ბევრს სურს, თუმცა საკმაოდ რთული ჰგონია, „ტესლამ“ დაამტკიცა რომ სიახლეებითა და შემოქმედებითი ნაბიჯების გადადგმით ეს სრულიად შესაძლებელია. გთავაზობთ 5 ძირითად რჩევას, რომელიც „ტესლას“ მაგალითიდან ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია გამოიყენოს, არა მხოლოდ ავტომობილებთან დაკავშირებით, არამედ ნებისმიერ სხვა ინდუსტრიაშიც.
ბრენდის და არა მხოლოდ პროდუქტის შექმნა
„ტესლა“ მხოლოდ მანქანებს არ ყიდის, არამედ მომავლის ხედვასა და რეპუტაციას. კომპანიამ უკვე წლებია თავი დაიმკვიდრა როგორც ლიდერმა მდგრადობის, უახლესი ტექნოლოგიებისა და პრემიუმ დიზაინის სფეროში. „ტესლას“ მომხმარებლები უბრალოდ მანქანას არ ყიდულობენ, ისინი ყიდულობენ ბრენდს, რომელიც აერთიანებს ინოვაციებსა და გარემოსდაცვით ცნობიერებას. ამის გამო „ტესლას“ ფლობა არა მხოლოდ განსაკუთრებული ფუფუნება, არამედ დიდი განაცხადია, რომელიც ადამიანების ყურადღებას მუდმივად დაიმსახურებს.
ტრადიციული ავტომწარმოებლებისგან განსხვავებით, რომლებიც დიდწილად ეყრდნობიან რეკლამებს, „ტესლამ“ საკუთარი ბრენდი მომხმარებლებთან უშუალო კავშირითა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის დახმარებით შექმნა. მასკის პერსონალური სახელი და გამომწერების რაოდენობა ეხმარება ბრენდს, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში მოექცეს.
ასე რომ, ბიზნესმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მომხმარებლებთან ემოციური კავშირის შექმნაზე და არა მხოლოდ პროდუქციის გაყიდვაზე. ბრენდის ძლიერი იდენტობა ხელს უწყობს მომხმარებელთა ერთგულების ჩამოყალიბებას, რაც საგრძნობლად ამარტივებს ახალი შეთავაზებების დანერგვას და გაფართოებას სხვადასხვა ბაზრებზე.
ინდუსტრიის წესების შეცვლა
„ტესლა“ მანქანების წარმოებისა და გაყიდვების სტანდარტულ მოდელს არასდროს მიჰყვებოდა. სადილერო ქსელის გამოყენების ნაცვლად, ბიზნესი თავის მანქანებს პირდაპირ მომხმარებლებზე ყიდის, ამით კი სრულ კონტროლს ინარჩუნებს ფასებზე, მომხმარებლის გამოცდილებაზე და ბრენდის აღქმაზე. ასეთი სტრატეგია არ საჭიროებს შუამავლებს და „ტესლას“ საშუალებას აძლევს მიიღოს მაქსიმალური მოგება.
კიდევ ერთი ინდუსტრიული ნორმა, რომელიც „ტესლამ“ დაარღვია, არის ბენზინზე მომუშავე ძრავების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო მანქანები მანამდეც არსებობდა, ისინი მომხმარებლის თვალში არაპრაქტიკულად და არასანდოდ ითვლებოდა. „ტესლამ“ ეს დამოკიდებულება სრულად შეცვალა მაღალი ხარისხის ელექტრო მანქანების შექმნით და ბატარეების გაუმჯობესებით, რითაც დაამტკიცა, რომ ელექტრომობილი შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი, კომფორტული და სასურველი.
იმისთვის, რომ ბიზნესი კონკურენტულ ბაზარზე გამოირჩეოდეს, ის მზად უნდა იყოს რომ დაუპირისპირდეს მოძველებულ ინდუსტრიულ პრაქტიკას. მომხმარებელთა გამოცდილებაში მტკივნეული წერტილების აღმოჩენა და მათი ინოვაციური სტრატეგიებით დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმატებისთვის.
მიწოდების ჯაჭვის კონტროლი
ტრადიციული ავტომწარმოებლებისგან განსხვავებით, რომლებიც მიწოდებისთვის მესამე მხარეს იყენებენ, „ტესლა“ ამ ჯაჭვის უმეტეს ნაწილს თავად აკონტროლებს. კომპანია აწარმოებს საკუთარ ბატარეებს, ავითარებს საკუთრების პროგრამულ უზრუნველყოფას და საკუთარი დამტენების ქსელიც კი აქვს. ეს საშუალებას აძლევს ბიზნესს რომ შეინარჩუნოს კონტროლი ხარისხზე, შეამციროს ხარჯები და სწრაფად მოერგოს ბაზრის ცვლილებებს.
მაგალითად, როდესაც გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ გავლენა მოახდინა ავტო ინდუსტრიაზე, „ტესლამ“ რეაგირება სხვა ბიზნესებზე გაცილებით უფრო სწრაფად შეძლო. ამიტომ, მიწოდების ჯაჭვის ძირითადი ნაწილების ფლობა უზრუნველყოფს მეტ კონტროლს ხარისხზე, ხარჯებსა და ინოვაციებზე.
მომხმარებლების ბრენდის სახეებად ქცევა
„ტესლას“ მარკეტინგული სტრატეგია რადიკალურად განსხვავდება სხვა ავტომწარმოებლებისგან. ტრადიციულ რეკლამაში მილიარდების დახარჯვის ნაცვლად, „ტესლა“ უპირატესობას ანიჭებს სოციალური მედიის ძალას. სწორედ ამიტომ, ბრენდზე ყველაზე მეტს მომხმარებლები საუბრობენ, რომლებიც ამაყად აზიარებენ თავიანთ გამოცდილებას სოციალურ მედიაში.
მარკეტინგის ეს მიდგომა დაეხმარა ბიზნესს ენთუზიაზმით სავსე და ერთგული მომხმარებლების ბაზის ჩამოყალიბებაში. იქნება ეს Cybertruck-ის თამამი დიზაინი თუ სრული თვითმართვის ტექნოლოგია, „ტესლა“ ყოველთვის აძლევს საკუთარ მომხმარებელს სასაუბრო მიზეზებს. ბიზნესს შეუძლია დიდი სარგებლობა მიიღოს მომხმარებელთა გამოცდილების გაზიარებით. მომხმარებლების მიერ გენერირებული კონტენტის წახალისება, რეფერალური პროგრამების შექმნა და სოციალური მედიის გამოყენება ბრენდს ისე ზრდის, რომ ტრადიციულ რეკლამებზე ძალიან დიდი თანხების დახარჯვა საჭირო არ ხდება.
ადაპტირება და ინოვაცია
„ტესლას“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე არის მისი სწრაფი განვითარების უნარი. ტრადიციული მანქანების მწარმოებლებისგან განსხვავებით, რომლებიც მანქანის ახალ მოდელებს ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ უშვებენ, „ტესლა“ მუდმივად აუმჯობესებს თავის მანქანებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების მეშვეობით. ასეთი მიდგომა ნიშნავს რომ ბიზნესს ახალი მოდელების შექმნა ხშირად არ უწევს, თუმცა უკვე არსებული მოდელების განახლებით მომხმარებლებს დიდ ცვლილებებს სთავაზობს.
გარდა ამისა, „ტესლას“ ინოვაციური მიდგომები მხოლოდ საკუთარი მანქანებით არ შემოიფარგლება. ბიზნესი მუდმივად ფართოვდება ახალ ბაზრებზე და ფეხს უწყობს ისეთ სიახლეებს, როგორებიცაა მზის ენერგიის გამოყენება, ხელოვნური ინტელექტი, თვითმართვის ტექნოლოგიების განვითარება და სხვა. ინოვაციებისკენ დაუღალავი სწრაფვა ეხმარება ბიზნესს რომ მუდმივად ადაპტირდეს თანამედროვე ბაზართან და მომხმარებლების მოთხოვნებთან.
ბიზნესს უნდა ჰქონდეს სურვილი, მოერგოს ცვალებად საბაზრო პირობებს და მომხმარებელთა საჭიროებებს. მუდმივმა ინოვაციებმა, თუნდაც მცირე ცვლილებების გამოყენებით, მარტივად შეიძლება ბრენდს კონკურენტული უპირატესობა მიანიჭოს და მომხმარებლების შენარჩუნებაში დაეხმაროს.
ასე რომ, „ტესლას“ ბიზნეს სტრატეგია ადასტურებს, რომ წარმატება მხოლოდ შესანიშნავი პროდუქტისა და სერვისის ფლობა არ არის – ეს არის ინდუსტრიის კარგად შესწავლა, ტენდენციების კვლევა და მომხმარებლებისთვის ღირებული შეთავაზებების მიწოდება. მნიშვნელობა არ აქვს ამ მეთოდებს მცირე თუ შედარებით უფრო დიდი ბიზნესი გამოიყენებს, ამ რჩევების გამოყენებით მარტივად შეიძლება კონკურენტებისგან გამორჩევა და ძლიერი, სანდო ბრენდის ჩამოყალიბება.