2024 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში 890 განაცხადი დაფიქსირდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2024 წლის სტატისტიკას აქვეყნებს, რის მიხედვითაც მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 890 განაცხადი დაფიქსირდა. სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს დასრულებული საქმეების 90% მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
ერთი წლის პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 102 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 198 საქმეზე.
GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 56 მოვაჭრეს – 92 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში – 60 000 ლარი.
2024 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 85%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 4%, რომელსაც მოჰყვება იმერეთი 3% და სხვა რეგიონები.
ერთი წლის მონაცემების მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 12%-ს.