“სანტე” და “აგროჰაბი” რძის პროდუქტების წარმოების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

“სანტე” და “აგროჰაბი” გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რის მიხედვითაც რძის ფერმა “ყვარლის ბაგა” ცხოველების საკვებად ქათმის ნაკელს იყენებდა, განცხადებას ავრცელებენ.
,,სანტეს“ რძის პროდუქტები გადის რამდენიმეეტაპიან შემოწმებას, ვიდრე მომხმარებლამდე მივა. შემოწმება იწყება ნედლეულიდან. ფერმერების მიერ მოწოდებული რძე მიღებამდე ქარხნის ლაბორატორიაში მოწმდება მიკრობიოლოგიურად, ანტიბიოტიკებზე, რძის შემცველობაზე. ქსელში გაშვებამდე, მომხმარებელთან მიწოდებამდე, პროდუქტები კიდევ რამდენჯერმე მოწმდება ხარისხობრივად, როგორც საკუთარ, ისე გარე აკრედიტირებულ ლაბორატორიაში (მიკრობიოლოგიურად, პათოგენებზე). შესაბამისად, ჩვენს საწარმოში წარმოებული ნებისმიერი რძის პროდუქტი არის გარანტირებულად უმაღლესი ხარისხის, ჯანსაღი და უსაფრთხო ჩვენი მომხმარებლისთვის.
სანტე იყო პირველი, რომელმაც 2018 წელს რამდენჯერმე აღმოაჩინა ხარისხობრივი შეუსაბამობა ,,ყვარლის ბაგის“ მიერ მოწოდებულ რძეში და არ შეისყიდა მისგან რძე (ინფორმაცია დასტურდება სასამართლო დავაში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში).” – აცხადებს სანტე.
“კონკრეტულად რძე, რომელსაც ვიღებთ რამდენიმე კომპანიისგან, გადის შემოწმების ფაზებს, ცისტერნაშივე მოწმდება ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები, შემდეგ გადმოტანილი რძე გადის შემოწმებას სიმჟავესა და PH ბალანსზე, თერმომდგრადობაზე, სომატურ უჯრედებზე, ანტიბიოტიკებზე, მიკრობთა საერთო რაოდენობაზე.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აგროჰაბში წარმოებული ნებისმიერი პროდუქტი ნატურალურ და ჯანსაღ ნედლეულზე მზადდება და სრულიად უსაფრთხო და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სწორედ ამიტომ გვენდობა მომხმარებელი გახსნის დღიდან და ეს არის ჩვენი კომპანიის მთავარი და უცვლელი ღირებულება.”- აცხადებს აგროჰაბი.