შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო

შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო. ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა, თუმცა მედიაორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „ბათუმელების“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე – ძირი თანხა არის 47 ათასი ლარი. ინკასოს მუქარის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად გრაფიკის შეთავაზება, რასაც საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. თუმცა, ამ თხოვნაზე უარი მიიღო.
“ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული მიზანი არასდროს არ უნდა იყოს მედიის მოგუდვა, გაჩერება. წესით, მისი მიზანი უნდა იყოს ნებისმიერი ბიზნესის განვითარება, რათა გადასახადების გზით მიიღოს შემოსავლები და იზრუნოს სახელმწიფოს განვითარებაზე.
მით უფრო, რომ სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და მისი გაუქმება სახელმწიფოს გაუქმების ტოლფასია.”– ვკითხულობთ “ბათუმელების” განცხადებაში.